ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველ გუნდს "არავითარი პოლიტიკური ინტერესი" არ აქვს. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, კანონპროექტი ევროკავშირმა აირჩია.
"ეს კანონპროექტი არის გაგზავნილი ევროკავშირში. ვარიანტი შევთავაზეთ, თითი დაადეს სამიდან ერთ-ერთ ვარიანტს და ვიღებთ ამას. დამთავრებული ამბავია. დირექტივაა ევროკავშირის. უხამსობას რაც შეეხება, ჩანაწერი არის ძველი, ეს ჩანაწერი რჩება, როგორც მოქმედებდა წარსულში, ასევე იმოქმედებს დღესაც", - განაცხადა კობახიძემ.
უმრავლესობის დეპუტატების ინიციატივით, მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები შედის, რომელიც მათ შორის "სიძულვილის ენის" რეგულირების კუთხით კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილებებს აფართოვებს.
პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს.
განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონის 552-ე მუხლი ითვალისწინებს მედია მომსახურების მიმწოდებლის პროგრამაში ან რეკლამაში სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვას. დარღვევასთან დაკავშირებით რეაგირება კი, შესაძლოა, განხორციელდეს მხოლოდ მედიამომსახურების მიმწოდებლის არსებული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში. ცვლილების თანახმად, 552-ე მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კომისიაში გასაჩივრება იქნება შესაძლებელი.
კერძოდ, მედიასაშუალებებს, რომლებიც "დაარღვევენ მოთხოვნებს" და გაფრთხილებას მიიღებენ, ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ანალოგიური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში - დაეკისრებათ ჯარიმა ბოლო ერთი წლის შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, არანაკლებ 2500 ლარისა. მომდევნო ანალოგიური დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის თანხა იზრდება.
17 ოქტომბერს მედიის ადვოკატირების კოალიციამ გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ მარეგულირებლის ხელში დამატებითი ძალაუფლების კონცენტრაცია ზრდის მისი ბოროტად გამოყენების რისკს. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ წარსული პრაქტიკის გათვალისწინებით შეშფოთების სრულიად ლეგიტიმური საფუძველი აქვთ.